Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას?
2მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას იგი;
3კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი:
4თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს.
5შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსგონო, გონიერება.
6მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები;
7ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება.
8ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში;
9ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის.
10მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე;
11რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას.
12მე, სიბრძნე, დავანებული ვარ შეგნებაში და ფიქრების ცოდნა მოვიპოვე.
13უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი.
14ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა;
15ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი;
16ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა მსაჯული.
17მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი;
18ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
19ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
20სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
21რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
22უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;
23უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან.
24როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო;
25მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს;
26როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი;
27როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა,
28როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,
29როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,
30მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,
31ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული.
32ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
33მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.
34ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.
35ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს.
36ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.
Next