თავი - 7
Previous1შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე.
2დაიმარხე ჩემი ანდერძი და იცოცხლებ, და ჩემი რჯული - თვალისჩინივით.
3მიიბი შენს თითებზე და გულის ფიცარზე დაიწერე.
4უთხარი სიბრძნეს: ჩემი და ხარ-თქო და ჭკუა-გონებას მეგობარი უწოდე.
5რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან.
6როცა სახლის სარკმლიდან, ცხაურს იქით გადავიხედე,
7დავინახე ბრიყვთა შორის, გავარჩიე ყმაწვილებს შორის ერთი ბიჭი, ჭკუათხელი.
8ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა.
9მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში.
10და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი.
11ხმაურიანია და თავნება, შინ ფეხი არ უდგება;
12ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე - ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული;
13აჰა, ჩაიჭირა იგი, კოცნის და ურცხვად ეუბნება:
14სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, დღეს გადვიხადეო საღმრთო.
15ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, შენის სასის საძებრად და აჰა, გიპოვე კიდეც.
16ხალიჩები მაქვს დაფენილი ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ჭრელი ნაქსოვი.
17დავაფრქვიე მური ჩემს საწოლზე.
18წამო, დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, ალერსით ვინეტაროთ.
19რადგან შინ არ არის ქმარი, შორ გზაზეა წასული;
20ვერცხლის ქისა წაიღო თან, სრულმთვარობისას დაბრუნდებაო შინ.
21შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა.
22იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად.
23ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.
24ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს.
25ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები.
26რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი.
27მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი.
Next