Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1შვილო თუ თავდებად დაუდგები შენს ახლობელს, ხელი ხელს დაჰკრავ უცხოს გულისთვის,
2მახეში ხარ გაბმული შენი ბაგის ნათქვამით, დაჭერილი ხარ შენი ბაგის ნათქვამით.
3ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე.
4თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს - თვლემას.
5იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
6მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.
7არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი.
8ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას.
9როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?
10მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
11ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
12უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
13თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის;
14ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.
15ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.
16აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:
17ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
18ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,
19ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.
20დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
21სამუდამოდ გქონდეს გულზე მიბმული, ყელზე შემოხვეული,
22მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.
23რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
24რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
25გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
26რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი.
27თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად?
28თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად?
29ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას.
30არ კიცხავენ ქურდს, როცა ქურდობს ლუკმა-პურისთვის, როცა მშიერია;
31წაუსწრებენ და შვიდწილად ზღავს, სახლის მთელ ქონებას გადაიხდის.
32ვინც ქალთან მრუშობს, უჭკუოა, თავისი სულის წარწყმედელად აქცევს მას.
33ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
34რადგან ეჭვიანობა ქმრის რისხვაა და არ შეიბრალებს შურისგების დღეს.
35არ პატიობს, არ აიღებს არავითარ გამოსასყიდს, არ ინდომებს, კიდეც რომ შესთავაზო უზომო ქრთამი.
Next