თავი - 5
Previous1ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური,
2რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა.
3რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
4ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება;
5მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები.
6ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ იცის სად მიდის.
7ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს:
8შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს,
9რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები - დაუნდობელს,
10რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით - მტრის სახლში.
11ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.
12იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!
13არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო.
14რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო!
15სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან,
16გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე - წყლის ნაკადები.
17მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ,
18კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.
19მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;
20რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?
21რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება.
22საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.
23ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.
Next