თავი - 4
Previous1ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.
2რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ.
3რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.
4მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.
5შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.
6არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.
7მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.
8დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.
9ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.
10ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.
11სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
12გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.
13ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.
14ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
15ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
16რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
17რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.
18მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
19ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
20შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.
21არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე.
22რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,
23შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.
24განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე.
25პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ.
26გამართე ნაბიჯები და მტკიცე იქნება შენი სავალი.
27ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე.
Next