თავი - 30
Previous1სიტყვები აგურ იაკეს ძისა, მასაელისა. ამ კაცის ნათქვამი იეთიელის, იეთიელისა და უქალის მიმართ:
2კაცთაგან ყველაზე უმეცარი ვარ და ადამიანური გონება არ გამაჩნია.
3ვერ ვისწავლე სიბრძნე და ღვთიურისა არაფერი გამეგება.
4ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ შეკრიბა თავისი პეშვით? სამოსელში ვინ გამოხვია წყალი? ვინ დაადგინა ქვეყნის ყველა საზღვარი? რა არის მისი სახელი? მის ძეს რა ჰქვია? იცი ეს?
5უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
6ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ.
7ორ რამესა გთხოვ და უარს ნუ მეტყვი, სანამ მოვკვდებოდე:
8სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მიმცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე,
9რომ გამაძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა, ვინ არის უფალიო? ხოლო გაღატაკებულმა არ ვიქურდო და ჩემი ღვთის სახელს არ შევცოდო.
10მონას ცილს ნუ დასწამებ თავისი ბატონის წინაშე, თორემ დაგწყევლის და დადანაშაულდები.
11არის ხალხი, რომელიც წყევლის თავის მამას და საკუთარ დედას არ ლოცავს.
12არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია, მაგრამ სიბინძურისგან არ განბანილა.
13არის ხალხი - და როგორი ამპარტავანი და ქედმაღლად მომზირალი!
14არის ხალხი, რომლის კბილები მახვილებია, რომლის ღოჯები დანებია, ქვეყნად ღვთისმოსავთა და კაცთა შორის ღარიბ-ღატაკთა შესაჭმელად.
15წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
16შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!
17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
18სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არის, რომ ვერ გამიგია:
19ცაში არწივის კვალი, კლდეზე გველის კვალი, შუაგულ წყალში ხომალდის კვალი და ქალწულში კაცის კვალი.
20ბოზი ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.
21სამი რამე არყევს ქვეყანას, ოთხი რამე ვერ აუტანია:
22გამეფებული მონა, პურით გამძღარი არამზადა,
23საძულველი ქალი, როცა გათხოვდება, და მონაქალი, რომელიც თავისი ქალბატონის ადგილს იჭერს.
24აჰა, ოთხნი მცირენი დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბრძენთა ბრძენნი:
25ჭიანჭველები ძლიერნი არ არიან და თავიანთ საზრდოს ზაფხულობით აგროვებენ;
26კურდღლები მაგრები არ არიან და თავიანთ სახლებს კლდეზე დგამენ;
27კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან.
28ხვლიკი ხელით შეიპყრობა, მაგრამ მეფის სასახლეებშია.
29ეს სამნი თამამად დააბიჯებენ, ეს ოთხნი თამამად დადიან:
30ლომი - ცხოველთა მეუფე, გზაზე რომ არავის ჩამოეცლება;
31დარახტული ცხენი, ჯიხვი და მეფე თავისი ამალით.
32თუ შენ შენი ამპარტავნობით სისულელე ჩაიდინე ან თუ ავი განიზრახე, პირზე მიიფარე ხელი.
33რძის ჯანჯღარით კარაქი გამოდის, ცხვირში ჯანჯღარით სისხლი გამოდის, ბრაზის ჯანჯღარით ჩხუბი გამოდის.
Next