თავი - 29
Previous1მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება.
2მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, ხოლო ბოროტეულის ბატონობისას გმინავს ხალხი.
3სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა მეგობარი კი ქონებას ანიავებს.
4მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს.
5კაცი, რომელიც თავის მეზობელს ეპირფერება, ბადეს შლის მის ფეხქვეშ.
6უკეთური კაცის ცოდვა მისთვის ხაფანგია, მართალი კი ზეიმობს და ხარობს.
7მართალმა იცის ღარიბ-ღატაკის სამართალი, ხოლო ბოროტეულს გაგება არა აქვს.
8გარყვნილი ხალხი ქალაქს აფორიაქებს, ბრძენები კი მრისხანებას აცხრობენ.
9ის ბრძენკაცი, რომელიც რეგვენ კაცს ედავება, გინდ ჯავრობდეს და გინდ იცინოდეს, მაინც მოუსვენრად არის.
10სისხლისმსმელ ხალხს ეჯავრება უმწიკვლო კაცი, წრფელი ხალხი კი მის სულს მფარველობს.
11ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, ბრძენი კი შიგნით დევნის მას.
12როცა ბატონი სიცრუეს ყურს უგდებს, ყველა მისი მსახური ბოროტეულია.
13ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს ხვდებიან: თვალის ჩინს ორთავეს უფალი აძლევს.
14თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული.
15ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
16ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი მათ დამხობას მოესწრებიან.
17დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის.
18როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის დამცველი.
19მონას სიტყვით ვერ გაწვრთნი, რადგან ესმის, მაგრამ არ გიჯერებს.
20გინახავს საკუთარ სიტყვებში მოსწრაფე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
21ვინც თავის მონას სიყმაწვილიდანვე ანებივრებს, საბოლოოდ მემკვიდრედ დაისვამს.
22ბრაზიანი კაცი შუღლს თესავს და რისხვიანი მრავალ დანაშაულს ჩადის.
23კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს.
24ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია: ესმის წყევლა-კრულვა, მაგრამ არაფერს ამხელს.
25ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.
26ბატონის მოწყალებას მრავალნი ეძებენ, მაგრამ კაცის განკითხვა უფლისგან არის.
27უსამართლო კაცი სიბილწეა მართალთათვის, სწორი გზით მავალი სიბილწეა ბოროტეულთათვის.
Next