თავი - 28
Previous1ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
2ჯანყის დროს ქვეყანაში მრავლდებიან მთავრები; გონიერი და მცოდნე კაცის ხელში კი ხანგრძლივია მეფობა.
3რაღა მდაბიორი, ღარიბ-ღატაკებს რომ ავიწროვებს, და რაღა თავსხმა წვიმა, პური რომ არ მოჰყავს.
4რჯულის გამტეხნი ბოროტეულს აქებენ, რჯულის დამცველნი კი ეწინააღმდეგებიან.
5უკეთურნი ვერ ხვდებიან სამართალს, უფლის მაძიებლებმა კი ყველაფერი იციან.
6უმწიკვლოდ მავალი ღარიბი სჯობს გზაუკუღმართ მდიდარს.
7რჯულის დამცველი გონიერი შვილია, ხარბების ამხანაგი კი მამამისს არცხვენს.
8ვახშითა და სარგებლით სიმდიდრის მომხვეჭელი ღარიბ-ღატაკთა განმკითხავისთვის აგროვებს მას.
9ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.
10ვინც წრფელებს აცთუნებს და უკეთურ გზაზე დააყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება, უმწიკვლონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
11მდიდარ კაცს თავი ბრძენი ჰგონია, მაგრამ მას გონიერი ღარიბი ამხილებს.
12მართალთა ზეიმზე მრავალი დიდებაა, ბოროტეულთა აღზევებისას კი ხალხი იმალება.
13ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.
14ნეტარია კაცი, რომელიც მუდამ ფრთხილობს, ხოლო ვინც გულს ისასტიკებს, უბედურებაში ჩავარდება.
15რაღა მბრდღვინავი ლომი და ღრიალა დათვი და რაღა ბოროტეული ბატონი ღარიბ-ღატაკი ხალხისათვის.
16უგუნური მთავრის ხელში ბევრი სიდუხჭირეა, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
17კაცის სისხლით დამძიმებული კაცი სამარემდე სირბილში იქნება, რათა არ შეიპყრონ.
18უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, მრუდე გზებით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა.
19თავისი მიწის მუშაკი პურით დანაყრდება, ხოლო ვინც ამაოდ ირჯება, სიღარიბით დანაყრდება.
20ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
21პირმოთნეობა არ არის კარგი: ასეთი კაცი ლუკმა პურისთვისაც კი ცოდვას ჩაიდენს.
22შურიანი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, მაგრამ არ იცის, რომ სიდუხჭირე ეწევა.
23მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ წყალობას ნახავს, ვიდრე ლაქარდიანი ენის პატრონი.
24ვინც თავის მამასა და დედას ძარცვავს და ამბობს, ცოდვა არ არისო, კაცისმკვლელის ამხანაგია.
25სულხარბი კაცი სულმუდამ შუღლს ეძებს, უფალზე დანდობილი კი აშენდება.
26საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება.
27ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება; ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, დაიწყევლება.
28როცა ბოროტეულნი აღზევდებიან, ხალხი იმალება; ხოლო როცა იღუპებიან, მართალნი მრავლდებიან.
Next