თავი - 27
Previous1თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.
2სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
3მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
4მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
5ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.
6მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
7მაძღარს გოლეული ეზიზღება, მშიერისთვის კი ყოველგვარი მწარე ტკბილია.
8რაღა ბუდიდან აბორიალებული ფრინველი და რაღა თავისი ადგილიდან აბორიალებული კაცი.
9ზეთი და საკმელი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის გულითადი რჩევა უფრო ტკბილია.
10შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ და შენი უბედურების დღეს ძმის სახლში ნუ მიხვალ; ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს.
11შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს.
12საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
13აიღე მისი სამოსი, რადგან სხვას დაუდგა თავდებად, და უცხო ქალის სანაცვლოდაც დაიხუთე იგი.
14დიდი ხმით თავისი მეგობრის მაკურთხებელი და დილაუთენია გამღვიძებელი მის მაწყევრად შეირაცხება.
15რაღა საწვიმარი მილი წვიმიან ამინდში და რაღა ანჩხლი ცოლი;
16მისი დამმალავი ქარს მალავს და მარჯვენა ხელით ზეთს იმუჭავს.
17რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს.
18ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს, თავისი ბატონის დამცველს კი პატივი მიეგება.
19როგორც წყალში სახე სახის პირისპირაა, ასევე კაცის გული კაცის პირისპირაა.
20როგორც შავეთი და ქვესკნელია გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია.
21ბრძმედი ვერცხლს და ქურა ოქროს, კაცს კი მისი მაქებარი ბაგე გამოარჩევს.
22რეგვენი სანაყავში რომც ნაყო, სირეგვნე მაინც არ მოსცილდება.
23კარგად უნდა იცოდე შენი ფარის ამბავი და ყურს უგდებდე შენს ნახირს.
24რადგან სამუდამო არ არის სიმდიდრე და არც გვირგვინი გადაეცემა თაობიდან თაობას.
25გაითიბება ბალახი და ამოდის ჯეჯილი და იკრიფება მთის ბალახები.
26ცხვარი შენი ტანსაცმლისთვისაა, თხები კი ყანის ფასია.
27უხვად გექნება თხის რძე შენს საზრდოდ, შენი სახლის საზრდოდ და შენი მხევლების სარჩენად.
Next