თავი - 25
Previous1ესეც სოლომონის იგავებია, რომელიც იუდას მეფის ხიზკიას კაცებმა შეკრიბეს.
2საქმის დამალვა ღვთის დიდებაა, მეფეთა დიდება კი საქმის გამოაშკარავებაა.
3როგორც ზეცაა მაღალი და მიწა ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
4ვერცხლს წიდა მოაშორე და ოქრომჭედელს ჭურჭლად ექნება.
5მეფეს ბოროტეული მოაშორე და მისი ტახტი სიმართლით გამტკიცდება.
6მეფის წინაშე ნუ იტრაბახებ და დიდკაცთა ადგილზე ნუ დადგები;
7რადგან სჯობს გითხრან, აქ ამოდიო, ვიდრე დიდებულის წინაშე დაგამდაბლონ.
8ნუ იჩქარებ თვალით დანახულის მიტანას სამსჯავროზე, თორემ რაღას იზამ, როცა ბოლოს შენი მახლობელი შეგარცხვენს?
9დავით კი ედავე შენს მახლობელს, მაგრამ არ გასცე სხვისი საიდუმლო;
10თორემ გამგონე გაგკიცხავს და სახელი გაგიტყდება.
11მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;
12ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.
13თოვლის სიგრილე მკის დროს იგივეა, რაც ერთგული მაცნე მისი გამგზავნელისთვის - იგი თავის ბატონს სულს უბრუნებს.
14რაღა ღრუბლები და ქარი წვიმის გარეშე და რაღა ფუჭი ძღვენით მოქადული კაცი.
15მოთმინებით მოდრკება მთავარი და რბილი ენა ძვალს შემუსრავს.
16თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ გატყვრე და უკან არ ამოანთხიო.
17მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს.
18ლახტი, მახვილი და წამახული ისარია კაცი, რომელიც ცრუმოწმედ გამოდის თავისი მახლობლის წინააღმდეგ.
19ჭიანი კბილი და დადამბლავებული ფეხი სანდო არ არის, როგორც მოღალატე კაცი გასაჭირში.
20გინდა ტანსაცმელი გაგიხდია კაცისთვის და ძმარი დაგისხამს ჭრილობაზე, გინდა გულმწუხრისთვის მხიარული სიმღერა გიმღერია.
21თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;
22რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.
23ჩრდილოეთის ქარი წვიმას იწვევს, ჩურჩული კი სახის მოღუშვას.
24სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთად სასახლეში ყოფნას.
25რაღა ცივი წყალი მწყურვალისთვის და რაღა სასიხარულო ამბავი შორეული ქვეყნიდან.
26რაღა ამღვრეული ნაკადული და გაბინძურებული წყარო და რაღა ბოროტეულის წინაშე წაფორხილებული მართალი.
27ბევრი თაფლის ჭამა არ არის კარგი, მაგრამ სხვისი დიდების ძიება სასახელოა.
28რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს.
Next