თავი - 24
Previous1ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:
2რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი ბოროტებაზე ლაპარაკობენ.
3სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული.
4ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით.
5ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.
6თავგზიანად წარმართე ბრძოლა და შველა მრავალი მრჩევლის წყალობით გექნება.
7ბრიყვისთვის სიბრძნე მიუღწეველია, კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის.
8ვინც ავს განიზრახავს, ბოროტმოქმედად იწოდება.
9ბრიყვის ზრახვა ცოდვაა და ზნეწამხდარი სიბილწეა ხალხისთვის.
10თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.
11იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.
12თუ იტყვი, აბა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, განა გულთამხილავი ვერ მიხვდება? განა ამას შენი სულის მფარველი ვერ გაიგებს? განა კაცს თავისი საქმეთაებრ არ მიაგებს?
13ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია და გოლეულიც ეტკბილება შენს სასას.
14ასევეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათვის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი სასოება არ წარიკვეთება.
15ნუ უსაფრდები ბოროტეული მართლის საცხოვრებელს და თავს ნუ ესხმი მის სადგომს;
16რადგან მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურებაში ჩაცვივდებიან.
17ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
18თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
19უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,
20რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.
21შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები,
22რადგან ანაზდად დაატყდება უბედურება და ვინ იცის, რას დაატეხს ერთი ან მეორე.
23ესეც ბრძენკაცთა ნათქვამია: სამსჯავროზე მიკერძოება კარგი არ არისო.
24ვინც ურჯულოს ეუბნება, მართალი ხარო, მას წყევლა-კრულვას შეუთვლის ერი და შეაჩვენებენ მას ხალხები.
25მათი მამხილებელნი კი სათნოდ შეირაცხებიან და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.
26ვინც სწორ პასუხს იძლევა, ის პირზე ჰკოცნის.
27შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის შემდეგ აიშენე სახლი.
28შენი მახლობელის წინააღმდეგ ფუჭ მოწმედ ნუ გამოხვალ და ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.
29ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისაებრ მივაგებო.
30გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
31და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.
32როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:
33ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,
34და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
Next