Eleos

Contents

თავი - 23

Previous
1დიდკაცთან პურის საჭმელად რომ დაჯდები, დაკვირვებით იყავი:
2ყელზე დანა მიიბჯინე, თუ მსუნაგი ხარ.
3ნუ ინდომებ მის ნუგბარ საჭმელებს, მაცთური პურია იგი.
4გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.
5თვალებს მიაპყრობ და გამქრალია, რადგან ფრთებს შეისხამს და არწივივით ზეცას გაფრინდება.
6ავთვალი კაცის პური არ იგემო და მისი ნუგბარი საჭმელები არ ინდომო.
7რადგან როგორც იქცევა, ისე არ ფიქრობს; ჭამე და სვიო, გეუბნება, მაგრამ შენთან არ არის მისი გული.
8შეჭმულ ლუკმას უკან ამოანთხევ და მადლობის სიტყვებს ფუჭად დახარჯავ.
9ბრიყვს ყურში ნურაფერს ეტყვი, რადგან მას სძულს შენი გონივრული სიტყვები.
10ნუ შეცვლი ძველ მიჯნას და ობლების ყანაში ნუ შეხვალ;
11რადგან ძლიერია მათი მფარველი, ის დაიცავს მათ საქმეს შენს წინააღმდეგ.
12გული მიაქციე შეგონებას და ყური - ცოდნის სიტყვებს.
13ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება.
14ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.
15შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
16ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
18რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.
19მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
20ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
22გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
23ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.
24მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
25გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ.
26შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.
27მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
28ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
29ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
30ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
31ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
32ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
33შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
34შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
35იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
Next