თავი - 21
Previous1მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს.
2კაცის თვალში სწორია ყველა მისი გზა, ხოლო გულებს უფალი წონის.
3სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის.
4ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.
5მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.
6სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი.
7ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა.
8ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად იქცევა.
9სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.
10ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი.
11ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს.
12ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს.
13ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული.
14ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი - ძლიერ მრისხანებას.
15სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია, ბოროტმოქმედთათვის - შიში.
16გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს.
17ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
18მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი - მზაკვარი.
19უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.
20ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ.
21სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს.
22დევ-გმირთა ქალაქზე აღდგება ბრძენკაცი და დაამხობს საიმედო სიმაგრეს.
23საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისგან იცავს.
24ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.
25ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.
26იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს.
27ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ.
28ცრუმოწმე დაიღუპება. თავისი ყურით გამგონე კაცი კი მუდამ ილაპარაკებს.
29ბოროტეული კაცი ამპარტავნულ სახეს იღებს, წრფელმა კი იცის თავისი გზა.
30არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ.
31ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის.
Next