თავი - 20
Previous1ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.
2მეფის მუქარა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი განმარისხებელი თავს დაიღუპავს.
3შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია.
4ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.
5კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს.
6ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?
7მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები მის შემდეგ!
8მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე ყოველ ბოროტებას საკუთარი თვალებით ფანტავს.
9ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო?
10მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის.
11ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს.
12ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა.
13ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები.
14ცუდია, ცუდიაო, ამბობს მყიდველი. როცა კი წავა, ქებას მოჰყვება.
15მრავლად არის ოქრო და მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი საჭურჭლე კი ცოდნის ბაგეა.
16აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ გამოართვი ნახუთევი.
17სიცრუის პური ეტკბილება კაცს, მერე კი მისი ღორღით აევსება პირი.
18გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად.
19ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები.
20დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.
21თავიდან იოლად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება.
22ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის გიშველის.
23უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა პინები არ არის კარგი.
24უფლისგან არის კაცის ნაბიჯები; როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი გზა-კვალი?
25კაცისთვის ხაფანგია დაუფიქრებლად რაიმეს სიწმიდედ შერაცხვა და აღთქმათა მიცემის შემდეგ გამოჩხრეკა.
26ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს.
27კაცის ხელი უფლის ლამპარია, მისი შიგანის გამომკვლეველი.
28მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი.
29ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა.
30ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები განწმედს მის შიგანს.
Next