Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1უმწიკვლოდ მავალი ღარიბ-ღატაკი სჯობს ბაგემზაკვარსა და მდიდარს.
2არ ვარგა უმეცარი კაცი, ფეხაჩქარებული ცოდვას ჩაიდენს.
3ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის.
4სიმდიდრე მრავალ მეგობარს ჰმატებს, უპოვარს კი გაურბის.
5ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყუილის მთქმელი თავს ვერ იხსნის.
6ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს.
7ღარიბ-ღატაკი მის ძმებსაც კი ეჯავრება, მეგობრები კი ხომ გაურბიან. ხვეწნა-ვედრება არ გადის მათთან.
8სიბრძნის მომხვეჭელს თავისი თავი უყვარს; ჭკუის შემნახველი სიკეთეს ჰპოვებს.
9ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება, ტყუილის მთქმელი დაიღუპება.
10ბრიყვი ვერ მოიხდენს საამურ ცხოვრებას, მით უფრო მონა მთავრებზე ბატონობას.
11გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა.
12მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი წყალობა კი ცვარსა ჰგავს ბალახზე.
13მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.
14სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი - უფლისგან არის.
15სიზარმაცემ ძილქუში იცის და არხეინი კაცი იშიმშილებს.
16მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება.
17ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს.
18დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი.
19ბრაზიანმა იტვირთოს სასჯელი, რადგან თუ გაუშვი, კვლავ მოგიწევს დასჯა.
20მოისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.
21მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება.
22კაცის ნეტარება მის სიკეთეშია, ღარიბ-ღატაკი ცბიერს სჯობია.
23უფლის შიში მაცოცხლებელია, კმაყოფილებას ასადგურებს და აფრთხობს ბოროტებას.
24ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება.
25თუკი ზნეწამხდარს დასჯი, სულელი დაბრძენდება; თუ გონიერს ამხილებ, შეიგნებს დარიგებას.
26ვინც მამაზე ძალმომრეობს და დედას დევნის, იგი უტიფარი და მარცხვენალი შვილია.
27როდემდის უნდა გესმოდეს, შვილო, დარიგება და განაგდებდე შეგონების სიტყვებს?
28უკუღმართი მოწმე სამსჯავროს აბუჩად იგდებს და ბოროტეულთა პირი სიცრუეს ყლაპავს.
29ზნეწამხდარისთვის მზად არის მსჯავრი და ბრიყვთა ზურგისთვის - ცემა-ტყეპა.
Next