Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.
2გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
3ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია.
4ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს.
5ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება.
6მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
7უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს ყალბი სიტყვები.
8ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება.
9დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს.
10გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა.
11უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება.
12უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით.
13სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
14დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
15ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე.
16ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?
17მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
18უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება.
19ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს.
20გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
21ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
22მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
23ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.
24გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება.
25ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი.
26არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის.
27მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია.
28მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული - ჭკვიანად.
Next