Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
3ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.
4ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.
5უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია.
6მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი - მწუხარება.
7ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის.
8ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
9ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
10მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
11შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა.
12ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა.
13მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.
14გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზრდოობს.
15უკეთურის ყველა დღე ბოროტია, გულკეთილს კი მუდამ ლხინი აქვს.
16უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში.
17უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.
18ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
19ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია.
20ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.
21სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე დადის.
22თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.
23კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
24ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს.
25ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს.
26უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია.
27მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
28მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
29ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
30თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს.
31სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.
32შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.
33უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
Next