თავი - 14
Previous1ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას.
2სწორი გზით მავალს უფლის შიში აქვს, გზაგამრუდებულს კი ეჯავრება იგი.
3ბრიყვის დასასჯელი კეტი მის პირშივეა, ბრძენთა ბაგეები კი მათი დამცველია.
4სადაც ხარები არ არის, ბაგა ცარიელია; დიდი მოსავალი ხარის ძალით არის.
5ჭეშმარიტი მოწმე არ იცრუებს, ცრუმოწმე კი ტყუილებს აფრქვევს.
6ღვთისმგმობელი სიბრძნეს ეძებს, მაგრამ ამაოდ; გონიერს კი ცოდნა ეადვილება.
7ჩამოშორდი უმეცარ კაცს, თუ ჭკვიანურ ლაპარაკს ვერ შეატყობ.
8გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
9ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.
10გულმა უწყის თავისი საწუხარი და მის სიხარულს უცხო ვერავინ გაიზიარებს.
11ბოროტეულთა სახლი დაიქცევა, გულწრფელთა კარავი კი გაიფურჩქნება.
12ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
13სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.
14გულმრუდი კაცი თავისი საქციელით გაძღება, კეთილი კაცი კი - თავისი საქმეებით.
15სულელს ყველა სიტყვისა სჯერა, საზრიანი კი საკუთარ ნაბიჯს უკვირდება.
16ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული.
17ფიცხი კაცი სიბრიყვეს სჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია.
18სულელნი სიბრიყვეს იმკვიდრებენ, გონიერნი კი ცოდნით არიან დაგვირგვინებულნი.
19უკეთურნი ქედს მოიხრიან კეთილთა წინ, ბოროტეულნი კი - მართლის კარიბჭეებთან.
20ბეჩავი კაცი ახლობლისთვისაც კი საძულველია, მდიდარს კი ბევრი მოყვარე ჰყავს.
21თავისი ახლობლის მოძულე ცოდვილია, ღარიბ-ღატაკთა მწყალობელი კი ნეტარია.
22ხომ არეული აქვთ გზა-კვალი ავისმზრახველთ? კეთილისმზრახველთ კი მადლი და ჭეშმარიტება ახლავთ.
23ყველა საქმეში გამორჩენაა, ლიტონ სიტყვებს კი ზარალი მოაქვს.
24ბრძენკაცთა გვირგვინი მათი დოვლათია, უგნურთა სიბრიყვე კი სიბრიყვეა.
25ჭეშმარიტი მოწმე სულთა მხსნელია, ცრუ კაცი კი ტყუილებს აფრქვევს.
26უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ.
27უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი.
28ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი - მთავრის დაღუპვა.
29სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
30მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა.
31ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
32ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.
33სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური.
Next