თავი - 13
Previous1ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს.
2კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა სული კი - ბოროტებას.
3პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის.
4ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
5მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება, ბოროტეული კი უნამუსოდ იქცევა და თავს ირცხვენს.
6სიმართლე იფარავს უმწიკვლო გზით მავალს, ცოდვილს კი სიბოროტე ღუპავს.
7ზოგიერთს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია; სხვას ღარიბად მოაქვს თავი, მაგრამ დიდძალი დოვლათი აქვს.
8კაცი თავის სიცოცხლეს თავისი ქონებით გამოისყიდის, უპოვარს კი არ ესმის შეგონება.
9მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.
10მხოლოდ ამპარტავნობა წარმოშობს შუღლს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.
11ქარით მოტანილი სიმდიდრე ცოტავდება, ხელით შემგროვებელი კი აბევრებს.
12ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა.
13ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება; მცნების მოშიში კი სამაგიეროს მიიღებს.
14ბრძენის დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი.
15კეთილი გონება წყალობის მომცემია, მოღალატეთა ხვედრი კი - სასტიკი.
16ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს.
17ბოროტეულის მაცნე ჭირში ჩავარდება, ხოლო ჭეშმარიტ მახარობელს განკურნება მოაქვს.
18დარიგების უკუმგდებელს სიღარიბე და სირცხვილი ელის, შეგონების შემთვისებელი კი პატივში იქნება.
19ასრულებული ნატვრა სულისთვის ტკბილია, ბრიყვთათვის კი ბოროტებისგან განრიდება საძულველია.
20ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
21ცოდვილებს უბედურება თანა სდევს, ხოლო მართალთ სიკეთით გადახდებათ.
22კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება.
23ღარიბ-ღატაკის ხოდაბუნში უხვი საზრდოა, მაგრამ ზოგჯერ უსამართლობით იღუპება.
24ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის.
25მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება.
Next