თავი - 12
Previous1ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, ვისაც მხილება ეჯავრება, ბრიყვია.
2კეთილი კაცი უფლისგან მადლს შეიძენს, ავისმზრახველს კი შეაჩვენებს.
3კაცი სიბოროტით ვერ განმტკიცდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია.
4ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია, შემარცხვენელი კი მისი ძვლების გამომშრობელია.
5მართალთა ზრახვები სამართლისაკენაა, ბოროტეულთა ფიქრები კი სიცრუეა.
6ბოროტეულთა სიტყვები სისხლისღვრას ამზადებს, ხოლო გულწრფელებს კი მათი ბაგეები გადაარჩენს.
7ბოროტეულნი დაემხობიან და გაქრებიან, მართალთა სახლი კი მტკიცედ დგას.
8კაცს თავისი ჭკუის მიხედვით აქებენ, გულუკუღმართი კი შეძულებულია;
9ათვალწუნებული, მაგრამ მსახურიანი კაცი სჯობს თავმომწონეს, მაგრამ ულუკმაპუროს.
10მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია.
11თავისი მიწის მუშაკი პურით გაძღება, ჭკუათხელი კი ამაოთა მდევნელია.
12ბოროტეული უკეთურთა ნადავლს ეხარბება, მართალთა ფესვი კი გაიხარებს.
13ცოდვილი ბაგეებით უკეთური მახეში ებმება, მართალი კი თავს აღწევს გასაჭირს.
14კაცი თავისი პირის ნაყოფით კეთილად დანაყრდება, თავისი ხელის საზღაური ადამიანს უკან უბრუნდება.
15ბრიყვს თავისი გზა სწორედ ეჩვენება, ბრძენი კი რჩევის გამგონეა.
16ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას.
17ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს.
18გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.
19მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია.
20ავისმზრახველთ გულში სიცრუე აქვთ, მშვიდობისმყოფელთ კი - სიხარული.
21არანაირი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ხოლო ბოროტეულნი ჭირით არიან სავსე.
22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.
23საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.
24გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.
25სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.
26მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.
27უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
28სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა.
Next