თავი - 11
Previous1მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.
2ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.
3წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.
4არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან.
5უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა.
6გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან.
7ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია.
8მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს.
9პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან.
10მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს.
11წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
12ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.
13ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.
14თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი, რიცხვმრავალ მრჩევლებში კი გადარჩება.
15ვინც უცხოს თავდებად უდგება, ბოროტებას გადავყრვბა, ხოლო ვისაც თავდებობა სძულს, უსაფრთხოდ არის.
16მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ.
17მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.
18ბოროტეული ყალბ საქმეებს სჩადის, სიმართლის მთესველი კი ჯილდოს ღებულობს.
19სიმართლეს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი, ბოროტების ამყოლი კი თავისი სიკვდილისკენ მიექანება.
20გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის.
21იცოდე, ავკაცი ვერ გამართლდება, მართალთა მოდგმა კი გადარჩება.
22გინდ ოქროს რგოლი ღორის დინგზე, გინდ უგუნური ქალის სილამაზე.
23მართალთა ნატვრა მხოლოდ სიკეთეა, ურჯულოთა მოლოდინი კი რისხვაა.
24ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია.
25ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება.
26ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა.
27ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა.
28თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.
29თავისი სახლის დამქცევი ქარს დაიმკვიდრებს, უმეცარი გულბრძენის მორჩილია.
30მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა, ბრძენკაცი კი სულებს იზიდავს.
31თუკი მართალს სანაცვლო მიეზღვება ამქვეყნად, მითუმეტეს ბოროტეულს და ცოდვილს.
Next