Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
2ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
3უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.
4ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
5ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.
6მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე.
7კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
8გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება.
9უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
10თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
11მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
12სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
13გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
14ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.
15მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი - მათი სიღატაკე.
16მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა.
17შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება.
18სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია.
19ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
20მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.
21მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
22უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
23უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
24რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
25როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
26რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა ზანტი კაცი თავისი მიმავლინებლისთვის.
27უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.
28მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.
29უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის.
30მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე.
31მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
32მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.
Next