ფსალმუნი - 83
Previous1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთა ფსალმუნი.
2რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
3ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
4ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
5ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.
6ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში.
7გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.
8ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
9უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.
10ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს.
11რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
12რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
13უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
Next