Eleos

Contents

ფსალმუნი - 82

Previous
1გალობა ფსალმუნი ასაფისა.
2ღმერთო! ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და დამშვიდდები, ღმერთო!
3რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
4შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე.
5თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
6მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
7ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;
8გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად.
9აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა.
10დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე;
11განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის.
12მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს.
13რომ ამბობდნენ: დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი უფლისა.
14ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი, ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში.
15ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი,
16ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი.
17აავსე მათი პირი სირცხვილით, ვიდრე მოიძიებდნენ შენს სახელს, უფალო.
18შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან.
19მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.
Next