Eleos

Contents

ფსალმუნი - 84

Previous
1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
2ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა.
3აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა.
4აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.
5მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.
6ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?
7ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით?
8გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი.
9მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე და თავის წმიდანებზე, და აღარ გაიმეორებენ სიბრიყვეს.
10მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
11შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
12ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს.
13უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს.
14სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.
Next