Eleos

Contents

ფსალმუნი - 73

Previous
1მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
2გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
3წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
4შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
5ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
6და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
7ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
8თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
9ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
10ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
11რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
12ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
13შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
14შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
15შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
16შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
18გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
21ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
22აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.
23ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
Next