Eleos

Contents

ფსალმუნი - 72

Previous
1ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.
2მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.
3რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
4რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.
5ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.
6ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
7სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
8ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
9მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.
10ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე თასიდან.
11და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება უზენაესს?
12აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.
13ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები.
14და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით.
15რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
16და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.
17ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.
18მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.
19როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!
20როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.
21როცა გული დამიძმარდა და შიგნეულობა დამეფლითა,
22უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე.
23ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.
24შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.
25ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
26ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
27რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.
28ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.
Next