ფსალმუნი - 71
Previous1სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.
2გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.
3მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა - სიმართლე.
4გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
5შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.
6იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.
7მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
8და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
9მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
11და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
12რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
13შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.
14ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში.
15იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.
16იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.
17მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას.
18კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.
19და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!
20დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.
Next