ფსალმუნი - 70
Previous1შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს.
2შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
3იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.
4ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან.
5რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე.
6შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ.
7საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი ძალოვანი თავშესაფარი.
8ივსება ჩემი პირი შენი ქებით და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველდღიურად.
9ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.
10რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.
11და ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.
12ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.
13დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.
14ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას;
15ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
16შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას.
17ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე.
18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
19ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?
20შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
21შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
22მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.
23იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.
24ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.
Next