ფსალმუნი - 49
Previous1ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.
2სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.
3მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.
4გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:
5შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.
6და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. სელა.
7ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.
8მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.
9არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.
10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
11ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.
12თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
13ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?
14მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
16ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?
17შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.
18როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.
19პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.
20დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.
21ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.
22ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით.
23მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.
Next