Eleos

Contents

ფსალმუნი - 48

Previous
1გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
2ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,
3უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.
4ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.
5ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
6რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?
7თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
8ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.
9ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.
10რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.
11რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
12გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.
13ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
14ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.
15ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
16ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.
17არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.
18რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.
19თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.
20მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.
21ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
Next