ფსალმუნი - 50
Previous1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა ბათ-შებაყთან შევიდა.
3შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
4მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
5რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
6შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
7აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
8აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
9მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
10მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
11სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
12სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
13ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
14დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
15ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
16მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
17უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
18რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
19შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
20კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
21მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
Next