ფსალმუნი - 134
Previous1ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
2რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.
3ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
4რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.
5რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.
6ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
7ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
8რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.
9მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.
10რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -
11სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.
12და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
13უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.
14რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
15ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
16პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
17ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
18მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
19ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!
20ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!
21კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!
Next