ფსალმუნი - 118
Previous1ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
3არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;
4შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.
5ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
6მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
9რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
10მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
11გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
12კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
15შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
17კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
18აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
19მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
21შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
22ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
23დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
25მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
29გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.
30გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.
32შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
33მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
34გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
38დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
40აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
41მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
42და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.
44დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
47გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.
50ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
51ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
53თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
54სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
58გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
62შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
63თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
64შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
65კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
69ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
72უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
77მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.
81დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?
83ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
84რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.
86ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
87ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.
88შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
89უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
91შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
94შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
95მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
97რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
99ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
100მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
101ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
103რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
104შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.
105ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
106დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
107დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
108აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.
113ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.
114თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
116შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
117შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
118მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.
120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
121ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
125მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
126ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.
127ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.
128ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
131პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
133ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
134გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.
135შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
136წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
138ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
140ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
144სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
145მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
146შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.
147ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
150მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
151ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
154გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
155შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
156წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
157ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
158ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
159ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
161მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164დღეში შვიდგზის გაქებ შენრ სიმართლის სამართალთათვის.
165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
167იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
170მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
171წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.
172იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა.
173იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.
176დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
Next