Eleos

Contents

ფსალმუნი - 113

Previous
1როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
2გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.
3ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.
4მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.
5რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?
6მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?
7უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,
8რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.
9ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.
10რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?
11ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
12მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
13პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
14ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
15ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
16მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
17ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
18აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
19მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
20უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
21აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
22დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
23კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
24ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
25არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
26არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
Next