ფსალმუნი - 104
Previous1ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
2აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
3განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
4ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
5გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
6შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
7ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
8ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,
9რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან.
10დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს - სამარადჟამო აღთქმად.
11უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
12როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი შეხიზნულები იქ,
13იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან.
14არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს:
15არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.
16და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა.
17გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
18გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.
19ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
20გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი - გამგებელი ხალხებისა - და გამოიხსნა იგი.
21დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა.
22რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.
23და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
24და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად.
25შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.
26გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
27დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.
28მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე,
29გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები.
30აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი.
31თქვა და მოვიდნენ მწერები, ტილი მთელ მათ საზღვრებში.
32წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი - მათ ქვეყანას.
33მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი და დალეწა ხეები მათ საზღვრებში.
34თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,
35და გადაჭიმეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადაჭიმეს მთელი ნაყოფი მათი მიწისა.
36და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.
37და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.
38გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში.
39გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად.
40ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
41გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
42რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ.
43გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.
44მისცა მათ წარმართთა ქვეყნები და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ.
45რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ადიდეთ უფალი!
Next