Eleos

Contents

ფსალმუნი - 103

Previous
1აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
3წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
5დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
6უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
7შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
9საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
10გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
11დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
13რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
15და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
19შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
20განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
25ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
26იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
27ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
31იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
32დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
35გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
Next