Eleos

Contents

ფსალმუნი - 105

Previous
1ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
2ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
3ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
4გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.
5რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
9და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
11წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
12და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
13აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
17გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
20და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
22საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
23დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
24მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
25დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
27და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
28დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
29განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
30წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
31ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
33რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
34არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
35აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
36ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
37შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
38დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
42ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
43მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
44იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
46აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
47გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
48კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!
Next