Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1მიუგო იობმა და თქვა:
2ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს?
3თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
4გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა?
5მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი თავისი რისხვით;
6მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები;
7ეტყვის მზეს და არ ამოდის, ვარსკვლავებს ეფარება;
8მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე;
9მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის პალატები,
10მან შექმნა გამოუკვლეველი დიდებულებანი და ურიცხვი საკვირველებანი.
11აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და მე ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ შევამჩნევ;
12აჰა, მოიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებ?
13ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, მის ქვეშ ემხობიან რაჰაბის თანამდგომნი.
14როგორ შევეპასუხო, როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი?
15მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს.
16თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა.
17გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;
18სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით;
19თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?
20მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ.
21უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.
22სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი.
23როცა კლავს შოლტი ანაზდეულად, უბრალოთა განსაცდელს დასცინის იგი.
24ქვეყანა ბოროტის ხელშია, ის უფარავს სახეს მის მსაჯულებს; თუ ის არ არის, მაშ ვინღა არის?
25ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ;
26მიქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, საკვებისკენ რომ მიისწრაფის.
27თუ ვიტყვი, მოვეშვები ჩემს ჩივილს, უკუვიყრი მწუხარებას და გავმხნევდები-მეთქი,
28მაინც მაშინებს ყველა ჩემი სატანჯველი, ვიცი, მაინც არ გამამართლებ.
29მე გავმტყუნდები! რისთვის უნდა დავშვრე ამაოდ?
30თუნდაც თოვლის წყალში განვიბანო თავი, თუნდაც ნაცარტუტით გავითეთრო ხელები,
31მაშინაც კი ორმოში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი;
32რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში.
33არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.
34გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი!
35მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა მისი, რადგან ასე არა ვარ ჩემს თავთან.
Next