Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1მიუგო ბილდად შუხელმა და უთხრა:
2როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები.
3შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს?
4შენმა შვილებმა შესცოდეს მას და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე დანაშაულს.
5თუ შენ ღმერთისკენ მიისწრაფი და შეწყალებას ევედრები ყოვლადძლიერს,
6თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.
7და თუ შენი დასაბამი მცირე იყო, შენი საბოლოო დიდად გაიზრდება.
8ერთი შეეკითხე გარდასულ თაობებს და ყურად იღე მამა-პაპის სიბრძნე.
9(რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე).
10განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს?
11თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ?
12ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.
13ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,
14მისი სასო წარიკვეთება და მისი იმედი ობობას სახლია;
15დაენდობა თავის სახლს და ვერ გაუძლებს, მოეჭიდება და ვერ დაიჭერს;
16ამწვანებულია მზის გულზე და მთელს ბაღზე გადმოშლილი აქვს ტოტები;
17ქვების გროვაში იხლართება მისი ფესვები, ლოდებს შორის დაუდევს ბინა;
18თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, უარყოფს მას, არასოდეს მინახიხარო.
19აჰა, წარხდა სიხარული მის გზაზე! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.
20იცოდე, ღმერთი არ შეიძულებს უმწიკვლოს და ხელს არ აღუპყრობს ბოროტისმოქმედთ!
21კიდევ აგივსებს პირს ღიმილით და ბაგეებს მხიარული ყიჟინით.
22შენი მოძულენი სირცხვილს შეიმოსენ და უკეთურთა კარავი განქარდება.
Next