თავი - 7
Previous1კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.
2როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,
3ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა.
4თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;
5მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;
6ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან;
7გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;
8ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და, აჰა, აღარა ვარ!
9განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის,
10აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი.
11მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.
12განა ზღვა ვარ ან გველეშაპი, ყარაული რომ დამიყენე?
13როცა ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი საწოლი-მეთქი, ამატანინებს მწუხარებას ჩემი სარეცელი-მეთქი,
14მაშინ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ,
15დახრჩობას ირჩევს ჩემი სული და სიკვდილს - ჩემი ძვლები!
16მომძულდა! არ ვიცოცხლებ სამარადისოდ. დამეხსენი, რადგან ფუჭია ჩემი სიცოცხლე.
17რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური?
18რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?
19როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
20თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?
21რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი.
Next