თავი - 10
Previous1მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
2ვეტყვი ღმერთს: ნუ მადანაშაულებ! მაცოდინე, რისთვის მედავები?
3კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?
4ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?
5განა ადამიანის დღეებივითაა შენი დღეები? განა შენი წლები კაცის დღეებივითაა?
6რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ?
7ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.
8შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.
9გაიხსენე, თიხისგან რომ შემქმენი და მტვრად რომ მაქცევ!
10განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?
11ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.
12სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენი ზრუნვა ინახავდა ჩემს სულს.
13ეს გქონდა დაფარული გულში; მივხვდი, რომ ეს შენთან იყო.
14როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული.
15თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე!
16წამოვიწევი და ლომივით მედევნები, კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე.
17განაახლებ მოწმეებს ჩემს წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის და მოდის ჩემს წინააღმდეგ.
18რისთვის გამომიყვანე დედის საშოდან? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე!
19ვყოფილიყავი როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი.
20ხომ დღემოკლე ვარ? დამაყენე, მომეშვი, რომ გავიხარო ცოტათი მაინც,
21სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში,
22წყვდიადის ქვეყანაში, როგორც შავეთის უკუნეთში, სადაც არ არის წესრიგი და ნათობს უკუნი.
Next