Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:
2განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს?
3შენი ფუჭსიტყვაობა ჩააჩუმებს ადამიანებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი?
4შენ ამბობ, მართლად განვსჯიო და სუფთა ვართო მის თვალში.
5ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ!
6გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება.
7ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?
8ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია, რას შეიცნობ?
9დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი.
10თუ ჩაივლის, დაატუსაღებს და მსჯავრს დასდებს - წინ ვინ აღუდგება?
11რადგან ის ცნობს ცრუ ხალხს; ის ხედავს ბოროტებას და იმახსოვრებს.
12ქარაფშუტა კაცი განისწავლება და ველური ვირის ჩოჩორიც კი ადამიანად იქცევა!
13თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,
14თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში,
15მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება.
16რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ;
17შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება;
18დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ;
19იწვები და არავინ შეგაშინებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
20ბოროტმოქმედთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ თავშესაფარი და გაქარწყლდება მათი იმედები.
Next