Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1მიუგო იობმა და უთხრა:
2ნამდვილად! რადგან ხალხნი ხართ, თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნეც.
3მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. ვის არ გაუგონია მსგავსი ამბები?
4მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წაფელი.
5სირცხვილის მაშხალა ამპარტავნის ფიქრებს! სიმტკიცე ფეხმობარბაცეს!
6სიმშვიდე სუფევს მძარცველთა კარვებში და უშიშრად არიან ღვთის მგმობელნი, ვინც ღმერთი მოიყვრა თავისი ხელით;
7ერთი ჰკითხე პირუტყვს და გასწავლის, ცის ფრინველს და გამცნობს.
8ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები.
9ვინ არ იცის ყველა ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს?
10ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?
11განა ყური არ განიცდის სიტყვას და სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს?
12განა მოხუცებშია სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა?
13მასთან არის სიბრძნე და ძალი, მისია რჩევა და ჭკუა.
14აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, ჩაკეტავს კაცს და ვეღარ დაიხსნება.
15დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ.
16მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცთუნებული და მაცთუნებელი.
17მრჩეველნი ტყვედ მიჰყავს, მსაჯულებს აბრიყვებს;
18მეფეებს სარტყელს შემოახსნის და წელზე ძონძებს შემოარტყამს;
19ტყვედ მიყავს მღვდლები და ამხობს ძალმოსილთ;
20ართმევს მეტყველებას, სარწმუნო ხალხს და გაგების უნარს მოხუცებულებს;
21თავსლაფს ასხამს დიდებულებს და ძლიერებს სარტყელს უმსუბუქებს;
22აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი;
23აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება;
24ჭკუას ურევს ქვეყნის ერის თავკაცებს და უგზოუკვლო უდაბნოში ახეტიალებს;
25ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ, მთვრალებივით ახეტიალებს.
Next