თავი - 13
Previous1ეს ყველაფერი იხილეს ჩემმა თვალებმა, ისმინდა ყურმა და მიხვდა.
2რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.
3მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
4თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
5დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.
6ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ!
7ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ სიცრუეს?
8უნდა მიკერძოებოდით მას, ღმერთს უნდა გამოსარჩლებოდით?
9მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც ადამიანები ტყუვდებიან?
10ის მაინც გამხილებთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ.
11ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშისზარი არ დაგცემიათ თავზე?
12თქვენი შეგონებები ნაცრის არაკებია, თქვენი საყრდენი თიხის საყრდენია;
13დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს!
14რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?
15კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.
16ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე.
17გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს;
18აჰა, განმიცხადებია, ჩემი სარჩელი: ვიცი, რომ გავმართლდები.
19ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და გავთავდებოდი.
20ოღონდ ამ ორს ნუ მიზამ და შენს სახეს არ დავემალები:
21შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს.
22მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.
23რამდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი ბრალი და ცოდვა!
24რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად?
25მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი?
26რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი;
27ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ;
28ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი.
Next