Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;
2ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.
3და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან?
4ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ.
5თუ დასაზღვრულია მისი დღეები, თუ დათვლილი გაქვს მისი თვეები, თუ საზღვარი დაუდგინე და ვერ გადავა,
6დაეხსენი, ნებაზე მიუშვი, რომ ქირისკაცივით გაიხაროს თავისი დღით.
7რადგან ხესაც აქვს იმედი - თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება.
8თუ დაუბერდა მიწაში ფესვი და ღერო ჩაუკვდა ნიადაგში,
9წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი.
10მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?
11წყალი გაედინება ზღვიდან, მდინარე იწრიტება და შრება,
12ადამიანიც დაწვება და ვეღარ ადგება; ცათა აღსასრულამდე ვერ გაიღვიძებენ, ვერ გამოიფხიზლებენ ძილისაგან.
13ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!
14თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე;
15დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა.
16თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი.
17დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეცოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს.
18მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან!
19ქვებს აცამტვერებს წყალი, ნიაღვარი გადარეცხავს მიწას, ადამიანის იმედს კი შენ წარხოცავ.
20ძლევ მას საბოლოოდ და მიდის ის; სახეს შეუცვლი და გაისტუმრებ.
21პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ უწყის; დამცირდებიან, ვერაფერს მიხვდება.
22მხოლოდ თავისი სხეული სტკივა მას და საკუთარ თავზე გლოვობს.
Next