Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
2ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
3უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?
4შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.
5რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
6შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენს წინააღმდეგ,
7პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
8ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
9რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?
10თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენს შორის, მამაშენზე უხსენი.
11გეცოტავება ნუგეში ღვთისგან? ან იქნებ რაღაც საიდუმლო სიტყვაა შენთან?
12საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს?
13რას მიგიმართავს შენი სული ღვთის წინააღმდეგ და რა სიტყვები ამოდის შენი პირიდან?
14რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?
15აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!
16რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
17გეტყვი და მომისმინე, გიამბობ, რაც ვნახე,
18რაც ბრძენებს შეუტყვიათ და არ დაუმალავთ თავისი მამა-პაპისგან განაგონი;
19მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა და უცხოს არ გაუვლია მათ შორის;
20იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის;
21შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.
22იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;
23ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში.
24აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.
25რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
26ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით
27რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე.
28მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად.
29ვერ გამდიდრდება, ვერ შენარჩუნდება მისი დოვლათი, ვერ დააფენს ჩრდილს მიწაზე.
30ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.
31ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.
32უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.
33როგორც ვაზს ჩამოგლეჯენ მკვახე ყურძენს და ზეთისხილივით დააბერტყინებენ ყვავილს.
34რადგან ბერწია უღვთოთა საკრებულო და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.
35მუცლადიღო ტანჯვა და დაბადა სიავე, ახლა მუცელი მათი სიცრუეს ამზადებს.
Next