Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ?
2უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.
3მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა.
4შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი.
5რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.
6რადგან სატკივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ აღმოცენდება სატანჯველი.
7ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.
8ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,
9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
10მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,
11რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.
12ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.
13ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.
14დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში.
15ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.
16ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს.
17აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!
18ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.
19ექვს განსაცდელში დაგიჭარავს და მეშვიდეგზის ბოროტება არ შეგემთხვევა.
20შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,
21ენის შოლტს დაემალები და არ შეგეშინდება განადგურებისა, როცა კი მოვა.
22განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება.
23რადგან ყანის ქვებთან აღთქმა გექნება და ველის მხეცებთან მშვიდობაში იქნები.
24დაინახავ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს საცხოვრებელს და დანაკლისი არ გექნება.
25დაინახავ, რომ გამრავლდა შენი მოდგმა და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი.
26სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე.
27აი, ეს არის, რაც გამოვიკვლიეთ, ეს ჭეშმარიტებაა! შეისმინე და იცოდე შენთვის!
Next