Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
2რომ ვცადოთ შენთან ლაპარაკი, ვაითუ დაგიმძიმდეს სატკივარი. მაგრამ ვის ძალუძს დადუმება?
3შენ ხომ ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი,
4წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი.
5ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა; შენ გეწია და შეძრწუნდი!
6განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი არ გქონდა?
7გაიხსენე, თუ ვინმე დაღუპულა უდანაშაულო, მართალნი თუ ამომწყდარან?
8როგორც მინახავს, სიავის მხვნელნი და სიცრუის მთესველნი მასვე მოიმკიან.
9უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან.
10ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;
11ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;
12იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში;
13ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
14შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;
15წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.
16შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:
17ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი?
18აჰა, თავის ყმებში შეაქვს ეჭვი და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!
19რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?
20დილასა და მწუხრს შორის რომ იღუპებიან, სამარადისოდ ქრებიან უსახელოდ?
21აჰა, გაწყდება მათი სიცოცხლის ძაფი და უაზროდ დაიხოცებიან.
Next