თავი - 3
Previous1მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.
2ალაპარაკდა იობი და თქვა:
3დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო!
4დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგრდამო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა.
5მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს!
6ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს!
7აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული!
8შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!
9დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, ვერ იხილოს ცისკრის წამწამები!
10რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს!
11რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე?
12რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც ვწოვდი?
13ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით!
14მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, აკლდამებს რომ იშენებენ თავისთვის.
15ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო აქვთ, ვერცხლით რომ ივსებენ სახლებს.
16რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს!
17ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ;
18იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით;
19იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.
20რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე,
21სიკვდილის მონატრულთ და ვერმპოვნელთ, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ;
22უზომოდ გახარებულს, აღტაცებულს, საფლავის პოვნით,
23კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს?
24რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!
25რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!
26აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება.
Next